ემოციური სიტყვები სულიერი ღალატის შესახებ
ურთიერთობები | 10.09.2017
შეკითხვაზე :"რას ვერ აპატიებდით ადამიანს", ყველა თამამად გაიძახის: "ღალატს", მე კი ადამიანს ვერ ვაპატიებ, როდესაც მეუბნება:"მე შენს გვერდით ვარ", ან თუნდაც "ჩემი იმედი გქონდეს", და სინამდვილეში ჩემგან წასასვლელი გზის იმ ჩახვეულ ნაწილში ისე უეცრად იკარგება, თითქოს ეს სიტყვები მისი პირიდან არასდროს გამიგია. 
მე ადამიანს ვერ ვაპატიებ, როდესაც ზურგს შემაქცევს და ისე გამეპარება, თითქოს არასდროს უარსებია ჩვენ მეგობრობას. მე ადამიანს ვერ ვაპატიებ, როდესაც ჩემს თავმოყვარეობას ფეხქვეშ გათელავს, და იფიქრებს:"ნეტა ერთი რა, მეორე დღეს აღარც ემახსოვრება".. 
მე ადამიანს ვერ ვაპატიებ, როდესაც ჩემთან ჩემია, სხვასთან სხვისი. მე ადამიანს ვერ ვაპატიებ წარსულის დავიწყებას და აწმყოსთან შეგუებას. მე ადამიანს ვერ ვაპატიებ, საკუთარი ბედნიერებისთვის ჩემი კეთილდღეობის გაწირვას და ჩემივე ცეცხლზე ხელის გათბობას მაშინ, როდესაც შეგვიძლია ორივემ გავითბოთ. მე ადამიანს ვერ ვაპატიებ, როდესაც მეტყვის "შენი მეგობარი ვარ", ამ დროს კი ყველაფერი სხვაგვარადაა. 
მე ადამიანს ვერ ვაპატიებ, ერთმანეთისთვის ნაჩუქარი თბილი მზერის, ღიმილიანი სახის, ჩაჭიდული ხელების და მოციმციმე თვალების დავიწყებას.. მე ადამიანს ვერ ვაპატიებ, ერთ დღეს "გამარჯობა"-ს, მეორე დღეს კი მკაცრ მზერას.. მზერას, რომელიც თვითონვე დაგაეჭვებს საკუთარი თავის არსებობაში. 
მე ადამიანს ვერ ვაპატიებ,"მიყვარხარ", შემდეგ კი "გადამიყვარდი", იმიტომ, რომ სიყვარული ჩემთვის არ არსებობს. ჩემს სიცოცხლეში, მხოლოდ იმედგაცრუება, ტკივილი და გზაა, რომლის გავლის დროსაც მუდმივად უკან ვიყურები, იმის იმედით, იქნებ ვინმე მაინც მომყვება. 
არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება, მთავარია იყოს ადამიანი. ჰქონდეს ჩემნაირი გრძნობები, აზროვნებდეს ჩემნაირად და მხოლოდ იფიქროს, საუბრის გარეშე. იფიქროს ჩემთან ერთად, ერთნაირად. და ჩვენ მაინც შევხვდებით და გავაბამთ კარგ, ნაყოფიერ და მსუყე საუბარს ერთმანეთის ფიქრებში. 
შემდეგ კი მივხვდებით, რომ ხანდახან დუმილი უფრო კარგი გამოსავალია, ვიდრე უაზრო ლაპარაკი. მე ადამიანს ვერ კი არა, არ ვაპატიებ! იმიტომ,რომ უკვე მეყო რაც ვაპატიე.. 

მ.გამზარდია 
გააზიარე
კომენტარები (0)


პოპულარულები
ტესტი
სხვა სტატიები